ასეთი გატაცების საფრთხის წინაშე ნებისმიერი პირი შეიძლება დადგეს, თუნდაც ეს მოსამართლეც. ვიღაცას თუ არ მოეწონება მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, გაიტაცონ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გატაცება არის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

"მოსამართლის მიმართ რომ პატივისცემა გაგიჩნდეს, ამის შესაძლებლობას მოსამართლე უნდა იძლეოდეს. მოსამართლის მანტია გაცვია და ჩვენი ხალხის გადასახადებით იღებ ხელფასს, პასუხისმგებლობა გაქვს ფიცის, ქვეყნისა და ამ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების წინაშე და ამ დროს შენ წინ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდასავლური პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელიც გეუბნება, რომ გამიტაცესო და გიყვება ფაქტობრივ გარემოებას, ამ დროს შენ, მოსამართლეს თითქოს არც კი გესმის და ვერც ხედავ ამას.

გატაცება არის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ის, რომ მოსამართლემ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა ეს არის მოსამართლისთვის კეთილსინდისიერების შესაფასებლად აუცილებელი კომპონენტი. როდესაც ადამიანის გატაცებაზეა საუბარი ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და წარმოადგენს საფრთხეს, რომ ასეთი გატაცების საფრთხის წინაშე ნებისმიერი პირი შეიძლება დადგეს, თუნდაც ეს მოსამართლეც. ვიღაცას თუ არ მოეწონება მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, გაიტაცონ", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.