არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად ციხეში, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება და პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე.

"მოლოდინი არის ყველანაირი. თქვენ იცით, რომ მე ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავედი. არ გამოვცხადდი და პროტესტი გამოვუცხადე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, შესაბამისად, ამ პოზიციას და ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ.

არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად ციხეში იმიტომ, რომ ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა და როცა მოვა ამის დრო, დაე, მათ მიიღონ ამის გადაწყვეტილება. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი  ლიდერის მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მას ბრალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინეს.