მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია, - ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღითი დღე უარეს ნაბიჯებს დგამს.

“როდესაც საქართველოს მთავრობის შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, ვფიქრობ, რომ საქმე ამაზე უარესად ვეღარ წავა, მაგრამ ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.