სიების ჩახსნა არ ნიშნავს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ამის მაგალითი გვაქვს 2020 წლის არჩევნებზე.  არის საკითხი, რომელიც "ქართულ ოცნებას" საშუალებას აძლევს მანიპულაცია მოახდინოს ოპოზიციური რესურსებით, როგორც იყო ეს 2020 წელს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "გახარიას გუნდისთვის" პარლამენტში არშესვლაზე უფრო მნიშვნელოვანი, მისი კრიზისულ მდგომარეობამდე მიყვანაა.

"სიების ჩახსნა არ ნიშნავს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ამის მაგალითი გვაქვს 2020 წლის არჩევნებზე. სიების ჩახსნა არაფრის გარანტია არ არის, ეს არის საკითხი, რომელიც "ქართულ ოცნებას" საშუალებას აძლევს მანიპულაცია მოახდინოს ოპოზიციური რესურსებით, როგორც იყო ეს 2020 წელს. ჩვენ პოლიტიკური განაცხადი გავაკეთეთ, რომელიც ბევრად უფრო მტკიცეა, ვიდრე სია, რომელიც გადადის ირაკლი კობახიძის ხელში და მას უნდა ჩახსნის, უნდა არ ჩახსნის, უნდა შეგიტყუებს, უნდა - არ შეგიტყუებს. ვიცით ეს თამაში და ამაში არ შემოვდივართ. ჩვენგან არ იქნება კოლექტიური განცხადება. 

მნიშვნელოვანია არა მარტო პარლამენტში არშესვლა, არამედ ეს პარლამენტი რეალურ კრიზისულ მდგომარეობაში შევიყვანოთ, რომ დისფუნქციური გახდეს. აქ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ იმ მტკიცებულებების მომზადება და გაზიარება ჩვენს პარტნიორებთან და რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით პროცესი წავიყვანო იმ მიმართულებით, რომ რეალურად, მათ ჰქონდეთ განცდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.