ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესება.

მისი თქმით, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები და ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის მუქარა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ავტორიტარული მმართველობის ნიშნებს აჩენს.

"რეზოლუციაზე ამ კვირაში ვიმსჯელებთ. სხვა კოლეგების პროექტები ჯერ არ მინახავს, მაგრამ ველოდები, რომ ძირითადი სასაუბრო თემა იქნება პოლიტპატიმრები საქართველოში. ეს მხოლოდ ელენე ხოშტარიას არ ეხება, არამედ სხვა პოლიტიკურ ფიგურებსაც. ასევე ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მომიტინგეების დევნის შესახებ. შევეხებით, რა თქმა უნდა, ახალ კანონებს, თუმცა ძირითადად რეზოლუცია ელენეზე და სხვა პოლიტიკურ პატიმრებზე იქნება ორიენტირებული.

ეს განხილვა აჩვენებს, რომ ევროპარლამენტი კვლავ ძალიან შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, სხვა პოლიტიკური პარტიების პოტენციური აკრძალვით, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიას და პირდაპირ ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს. რადგან ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ჩვენ ვცდილობთ, ამ გზით სიგნალების გაგზავნას და რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ პოტენციური სანქციები, რომლებიც დიდი ხანია ჰაერშია გამოკიდებული.

ყველა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მუქარა პირდაპირ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაა. არჩევანის გაკეთების უფლება დემოკრატიულ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, ამიტომ ეს აბსოლუტურად ალოგიკური მოვლენაა და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფრო მეტად გამოაფხიზლებს, რომ გადადგან ნაბიჯი და დააწესონ მიზნობრივი სანქციები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. 

სტრასბურგში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადებიან. ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკვე მოამზადეს რეზოლუციის სამუშაო ვერსიები, რომლის შეჯერებულ ვარიანტსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.