შეუძლებელია ამ არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვება დაფიქსირდეს ტაბლოზე. აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ და 2021 წლის არსებულ რეალობას შორის დიდი განსხვავებაა პარტნიორების მხრიდან "ქართული ოცნებისადმი"  შეხედულებების კუთხით.

"2020-21 წლებში სრული მხარდაჭერა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო პარტნიორებისგან. დრამატული განსხვავებაა, რაც ახლა ხდება.  ერთი მხრივ, ივანიშვილი გახდა უფრო ბრუტალური ბევრად, თუმცა სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს აქვს დასავლეთის. ეს იძლევა უდიდეს სხვაობას და ეს თვალში საცემი და ხელშესახები იქნება ოქტომბრის ბოლოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქ უნდა შეასრულოს მოქალაქემ და შეუძლებელია ამ არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვება დაფიქსირდეს ტაბლოზე. აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ივანიშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ემიგრანტების აქტიურობა ჯერ არნახული უნდა დაფიქსირდეს. 

ძალიან სწრაფად გაიგო დასავლეთმა, რასთან გვაქვს საქმე. მიიღეს კანონი, დაარქვეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში გულისხმობს მკაცრ რეგულაციებს ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამ დროს მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფინანსდებიან 10-ჯერ უფრო მეტად და ეს ყველაფერი არის უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.