"ოცნებას" არ გამოუვა, დამალოს და მიჩქმალოს ამბავი, რომელიც მათი დასასრულის დასაწყისი გახდება აუცილებლად, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტ კითხვას და კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის ვითარებას BBC-ის მიერ გავრცელებული თემის მიმართ. 

"ის 5 დღეც, რომელსაც გამოძიება დაარქვეს, სინამდვილეში, იყო დანაშაულის დაფარვის გამოძიება. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ნდობა არ არსებობს "ქართული ოცნების" სტრუქტურების მიმართ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. 

"ქართულ ოცნებას" ძალიან მარტივად შეეძლო, თავად მოეწვია საერთაშორისო გამოძიება თუ თავს მართლად თვლის, მათ შორის, ეჩივლა BBC-სთვის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და თვითონ ყოფილიყო მთავარი აქტორი, რომელიც იტყოდა, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს საზოგადოებას, დასამალი არაფერი გვაქვსო, მაგრამ, ვინაიდან "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თემა დამალოს, აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვას და კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის ვითარებას ქიმიური  მოწამვლის მიმართ.

"ოცნებას" არ გამოუვა, დამალოს და მიჩქმალოს ამბავი, რომელიც მათი დასასრულის დასაწყისი გახდება აუცილებლად", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.