მოვა დრო, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ შეფერხდა იმ გეგმის დასრულება, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შსს-ში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმის მიხედვით, 7 საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო.

"ამ გეგმით იქ უნდა გაკეთებულიყო 7 საგუშაგო. პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდგომ, მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად, აი, ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, რომელზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები.

მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ სუსში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა მაშინ, როდესაც ამ ყველა წერტილზე, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით, უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგო. მოგიწოდებთ, შექმნათ კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანას ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოს მხრიდან შემუშავებული და რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა საზღვარი, დღეს არის რუსების მიერ ჩადგმული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.