ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ გააიგივებს თავს პუტინთან და ვერც ლუკაშენკოსთან იმიტომ, რომ ჯერჯერობით თავისუფალი საზოგადოება აქ ვართ, - ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესები დიქტატურით ჩაკლა.

"რა გარანტია აქვს რომელიმე ბიზნესს, რომ ხარაზიშვილისნაირი ნიღბოსნების რომელიმე ბრიგადა არ შევარდება რომელიმე ბიზნესში და არ წამოიყვანენ იქიდან მანქანებს და გამოსასყიდს არ შეუთვლიან მერე ბიზნესს. რა გარანტია აქვს მდიდარ "ქოცს", რომ მის საკუთარ შვილს არ მიადგებიან იმისთვის, რომ რაღაცა სარგებელი მოიტანონ. 

ჩემი მოსაზრებით, პოლიტიკური პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ჩაკლა დიქტატურით. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის ოქროს ძაფები, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავს.

ერთადერთი ბრძოლის იარაღი არის ქუჩა, ბრძოლის სხვა პოლიტიკური იარაღი არ გვაქვს. ამიტომ, სოლიდარობა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ არავის არ მივატოვებთ, ჩვენი მეგობარია თუ უცნობი, განსხვავება არ არის. მზია ამაღლობელს სოლიდარობა, ყველა მოშიმშილეს, ბათუმელ მედროშეს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ გააიგივებს თავს პუტინთან და ვერც ლუკაშენკოსთან იმიტომ, რომ ჯერჯერობით თავისუფალი საზოგადოება აქ ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენ გავქრებით, შემდეგ რეჟიმი მიადგება იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათ ნელ-თბილად შეუძლიათ ურთიერთობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.