სანამ ნატოში გაწევრიანებას განაგრძობს, უკრაინას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავდაცვა. ეს შეიძლება იყოს ბირთვული იარაღი ან მეტი რაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თუ უკრაინა ჯერ კიდევ არ გაწევრიანდება ნატოში, ქვეყანას სჭირდება დაცვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

"თუ ეს პროცესი წლებით ან ათწლეულებით გაჭიანურდება, არა ჩვენი, არამედ ჩვენი პარტნიორების გამო, მაშინ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სამართლიანი კითხვა: რა დაგვიფარავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ ხნის მანძილზე ამ გზაზე. მხარდაჭერის რომელი პაკეტი? მოგვცემენ ბირთვულ იარაღს? მაშინ მოგვცენ ბირთვული იარაღი. მოგვცემენ თუ არა რაკეტებს იმ რაოდენობით, რომ შევძლოთ რუსეთის შეჩერება?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის შეკავებას გარკვეული დროით.

"დაგვიბრუნეთ ბირთვული იარაღი, მოგვეცით სარაკეტო სისტემები, პარტნიორები, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში, გადაიყვანეთ თქვენი კონტინგენტი ჩვენი სახელმწიფოს იმ ნაწილებში, სადაც გვინდა სტაბილურობა, რათა ხალხი მშვიდად იყოს.

თუ ამაზე ვისაუბრებთ, კარგი, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომლის შესახებაც გითხარით. თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ რატომ არის ის (პუტინი) ჩვენს მიწაზე? თუ ჩვენ არ ვართ ნატოში და ამერიკა ამბობს, რომ მზად არ ვართ უკრაინა ნატოში მივიღოთ, მაშინ პუტინმა მთლიანად უნდა დაიხიოს ჩვენი ტერიტორიიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ზარალის ფინანსურ კომპენსაციაზე საუბარი, რაც უკრაინამ განიცადა ოკუპანტებისგან.

"ის (პუტინი) შემოიჭრა, რადგან ეშინოდა, რომ ჩვენ გავხდებოდით ნატოს წევრები. კარგი, ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები. გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

2024 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში მოწვევის იდეას გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტით. ამავდროულად, გერმანია ფრთხილ პოზიციას იკავებს, უნგრეთი და სლოვაკეთი კი კატეგორიული წინააღმდეგი არიან უკრაინის წევრობისთვის.

უკრაინა არ განიხილავს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის ფასად. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების მოწვევა შეიძლება იყოს საკვანძო ნაბიჯი უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიებისკენ.