მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ, - ამის შესახებ ისრაელის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს განცხადებით, გაუგებარია, რას ემსახურება ეს გზავნილი.

"მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით.

რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში აინთო. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  ეს უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს, რაზე მერიას საელჩომ თხოვნით მიმართა.