ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი 21 წლის ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო საწვრთნელი დაშვების დროს გარდაიცვალა. 144,3 კმ/სთ-ით მოძრავმა ციგამ მართვა დაკარგა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. საბედისწერო დაშვების შემდეგ 21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.

"ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკულად დაიწყო. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება“, - აღნიშნულია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.