გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ ხელისუფლებისა და "ოცნების" მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მტკიცებულებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადაეცემათ.

"სოფელ ოქტომბერში, ზაალ გეგეჭკორი - აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, ადიკო ივანიშვილის ნათლული. პავლე გეგეჭკორი - სოფელ ოქტომბრის რწმუნებული, ასმათ უბილავა - ქართული ოცნების აქტივისტი, დათო ქირია - ასმათ უბილავას მეუღლე, რომლებიც მიუვარდნენ სოფელში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რომლებმაც მათ პირადობის მოწმობა არ მისცეს. ამის შემდეგ ზაალ გეგეჭკორი ამომრჩევლებს დაემუქრა, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებდნენ. ასევე ვასახელებ სოფელ რიყის რწმუნებულს გიორგი ჯოჯუას, რომელიც ემუქრება კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს.  

მივმართავ ამ ადამიანებს: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც გადავცემთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ეს არის აუდიოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ თქვენ ცდილობთ, პირადობის მოწმობები წაართვათ ამომრჩევლებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა წითლიძემ.