პროცესის სწრაფად დასრულების ინსტრუქცია აქვთ მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ კვირაშიც დანიშნეს სხდომები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით.

“პროცესის სწრაფად დასრულების დავალება აქვთ მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ კვირაშიც დანიშნეს სხდომები. რაც შეეხება მიმდინარე შუამდგომლობების ეტაპს, გაირკვა რომ ადრე, როდესაც ცდილობდნენ ხოლმე დემონსტრირებას და ერთ შუამდგომლობას მაინც დემონსტრაციულად აკმაყოფილებდნენ, ახლა ამ "დემოკრატიის შეფუთვაზე“ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც თავიანთ კოლეგებსაც ჩრდილავენ საქალაქო სასამართლოდან. საქალაქო სასამართლოში უამრავ პროცესს ვესწრებით ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა იქაც კი არ არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციის მიმართ აგრესიასა და ზიზღს ასე ღიად არ ფარავენ. ძალიან სამწუხაროა თუ როგორ მიიტაცეს ინსტიტუციები და როგორ დააკომპლექტეს ისინი. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროცესშიც ჩანს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.