ძალიან რთულია ადგილობრივი არჩევნების საკითხი. არ უნდა მიიღო წინასწარ რადიკალური პოზიცია და არცაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცოდეს, ბოლო მომენტში რა ტაქტიკას აირჩევ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკვე უნდა მიმდინარეობდეს დამკვირვებლებისა და დიასპორის მუშაობა საარჩევნოდ.

"ძალიან რთულია ადგილობრივი არჩევნების საკითხი, ადგილობრივი არჩევნები ნიშნავს, რომ რეჟიმი კიდევ რეჟიმობს. ვიცით, რომ ესენი მჭიდროდ მუშაობენ რუსულ ტექნოლოგებთან და ალბათ, კიდევ რამეს მოიგონებენ. ასე რომ, ძალიან რთულია, თუმცა რაც შეეხება ბოიკოტის გამოცხადებას, პრაქტიკულად არ არსებობს გამარჯვებული ბოიკოტი იმიტომ, რომ ბოიკოტის დროს შენ უტოვებ ძალაუფლებაში მყოფს ყველაფერს. მეორე მხრივ, რეჟიმს ყველა ბერკეტი აქვს და შენ ამბობ, რომ მიდიხარ განწირულ თამაშში.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა მიიღო წინასწარ რადიკალური პოზიცია და არცაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცოდეს, ბოლო მომენტში რა ტაქტიკას აირჩევ. ცოტა მოულოდნელობის ელემენტები უნდა დავუტოვოთ, რომ არ იცოდნენ, ვინ როგორ მოიქცევა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ზოგჯერ მედია ძალიან აწვება პოლიტიკურ პარტიებს - მითხარით, რას იზამთო, ამ ფორმით დასმული კითხვა არის "ქართული ოცნების" იმისთვის, რომ ბზარები გააჩინოს ოპოზიციაში. 

დღეს უკვე უნდა ვმუშაობდეთ დამკვირვებლების ჯარზე, ყველა უნდა იყოს ჩართული - არასამთავრობოები, პროტესტის მონაწილეები, რომლებმაც გვაჩვენეს, რომ ყველა სანდო ხალხია. გადავიდეთ მომზადებაზე. დიასპორა უნდა მოემზადოს, სად არის რეგისტრაციები საკონსულოში? რას მიკეთებენ? ვინმემ შეზღუდა ის, რომ სისტემატური რეგისტრაცია დაიწყოს?! არ შეიძლება, რომ ბოლო წუთს იყოს განგაში. ესაა გეგმა - დიასპორამ იმუშაოს და იყოს დამკვირვებლების ჯარი. კომისიებში უნდა გვყავდეს წარმომადგენლების ყველა პარტიების ერთად. თუ გვინდა, დაცული იყოს ოპოზიციური ხმები, უნდა დავიცვათ ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულას" ეთერში.