ცესკოს შემაჯამებელი ოქმი მიღებულ იქნა 16 ნოემბერს, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ ოქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი პირველ სხდომაზე. რომელია მეათე დღე? ეს არის 26 რიცხვი და არა 25, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ სამანდატო კომისიას არ აქვს უფლება შეიყვანოს პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ის პირები, რომელთა არჩევნების კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან სასამართლოში.

"ცესკოს შემაჯამებელი ოქმი მიღებულ იქნა 16 ნოემბერს, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ ოქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი პირველ სხდომაზე. რომელია მეათე დღე? ეს არის 26 რიცხვი და არა 25. პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი, პრეზიდენტს შეუძლია ამ 10 დღიდან ნებისმიერ დროს დანიშნოს სხდომა, მანამდე სანამ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა, ჯერ კიდევ, აქვს, პარლამენტი არ შეიძლება, რომ შეიკრიბოს. კეთილი უნდა ინებონ და უნდა მოიცადონ მეათე დღის გასვლამდე და 26-ში გამართონ სხდომა. თუმცა, ეს არ არის ისეთი დიდი ცოდვა, რომ ამაზე წივილ-კივილი ავტეხოთ, აი, ამის მერე არის ასეთი რამ, უნდა ავიღოთ პარლამენტის რეგლამენტი, რომელსაც აქვს კანონის ძალა და ვნახოთ რას ამბობს რეგლამენტი პირველი სხდომის თაობაზე. ბოლოს უნდა იმსჯელოს სამანდატო კომისიამ და ნახოს, ხომ არ არის, რომელიმე ისეთი პირი ამ 150-კაციან სიაში, რომლის უფლებამოსილების ცნობის კანონიერება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და სია უნდა შეადგინოს. რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ სამანდატო კომისიას არ აქვს უფლება შეიყვანოს პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ის პირები, რომელთა არჩევნების კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან სასამართლოში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.