მაინც, მე მგონია, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება ალიევის ვიზიტი თბილისში, სადიგოვის წინააღმდეგ აღძრავენ ან სხვა საქმეს, ან იმავეს, ოღონდ რაღაც ცვლილებებით, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისსა და ბაქოს შორის გარიგებას აქვს ადგილი.

"სამწუხაროდ, ჩვენ უკვე შევედით იმ პერიოდში, როცა ადამიანების ბედით ვაჭრობა საქართველოს ავტორიტარიზმს აღარც რცხვენია და არც ერიდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თავისუფლებითა და ბედით. ეს კი ავტორიტარიზმის მთავარი გამოვლინებაა. 

აშკარად, თბილისსა და ბაქოს შორის გარიგებას აქვს ადგილი, აშკარად ჩანს, რომ გადაწყდა ალიევის ჩამოსვლა თბილისში, მაგრამ ბაქომ, ჩემი აზრით, პირობა დაუყენა, რომ ისინი საქართველოდან ელოდებიან სადიგოვის გადმოცემას. საქართველომ სტრასბურგის ნების საწინააღმდეგოდ გადასცა სადიგოვი აზერბაიჯანს, ვინაიდან, თითქოს მის წინააღმდეგ აღარ არის საქმე და ამიტომაც აღმოჩნდა სადიგოვი ნათესავებთან და არა ციხეში, მაგრამ მაინც, მე მგონია, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება ალიევის ვიზიტი თბილისში, მის წინააღმდეგ აღძრავენ ან სხვა საქმეს, ან იმავეს, ოღონდ რაღაც ცვლილებებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 4 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. როგორც ცნობილია, ის ბაქოში ნათესავთან იმყოფება.