საქართველო დემოკრატიის გარეშე არავის აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ საგარეო პოლიტიკას მრავალვექტორულად წარმოაჩენს, სინამდვილეში ეს არის იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ თსუ-ის პროფესორმა, საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო დროს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, განზრახ იზოლაციაში იყენებს თუ არა ხელისუფლება თავს, თუ ეს გარედან ნაკარნახევი პოლიტიკაა.

"ხელისუფლებას მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე აღარ იწვევენ. "ოცნების“ მთავრობის იგნორირებას ახდენენ ახალი სტრატეგიული პარტნიორებიც, რისი მაგალითიც  ჩინეთის შემთხვევა იყო. აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები დაპატიჟებულები იყვნენ,  საქართველოსი კი არა, რაც ჩვენს  საერთაშორისო პრესტიჟზე უარყოფითად აისახება. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამას ემსახურებოდა ეუთო/ოდირთან დაკავშირებული მოქმედებებიც.

არასწორია, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწვევ, რადგან მათ მინიმუმ 6 თვე სჭირდებათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდს დააკვირდნენ. „ოცნებამ“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ავტოკრატიული რეჟიმების მსგავსი ტაქტიკა აირჩია. უბრალოდ, ეს მხოლოდ ტექნიკური სახის მოწვევა იყო, რაზეც იცოდნენ, რომ უარს ეტყოდნენ“, - აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, თუ დავაკვირდებით „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, მათ სურთ, რომ საქართველო ისევე აღიარონ, როგორც აზერბაიჯანი.

"განსხვავება ის არის, რომ აზერბაიჯანს ნავთობი და გაზი აქვს. სტრატეგიულად მას უფრო მეტი აქვს სავაჭროდ, ვიდრე საქართველოს. საქართველო დემოკრატიის გარეშე არავის აინტერესებს. არც დასავლეთს უნდა აზერბაიჯანის მსგავსი საქართველო. ჩვენ კავკასიაში ვიყავით კუნძული დასავლეთისთვის. ხელისუფლებას უკვირს, რატომ ამყარებს აშშ ავტოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობას, მაგრამ ჩვენთან არა. ეს ირიბად იმის აღიარებაა, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორედ ავტოკრატიული გზით მიდის“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.