23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ღია საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი წერს.

"სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა. ერთი ბეწო სინდისის მქონე სასამართლოც კი პირველივე სხდომაზე უნდა ათავისუფლებდეს მეგის", - წერს ბრაჭველი.

შსს-ს ინფორმაციით, 23 წლის მეგი დიასამიძე დაკავებულია ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით (სსკ 187-ე მუხლი), რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.

გარდა ამისა, დღეს, 10 სექტემბერს, სამართალდამცველებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. ზაზა მამალაძეს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედება - გავრცელებული კადრებით, მან 8 სექტემბრის აქციაზე ქალს ხელი გაარტყა. იმავე მუხლით დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძეც, რომელიც ხელკეტით ერთ-ერთ დემონსტრანტს დაესხა თავს.