ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში „გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი“, რასაც თან ახლდა რეპრესიული კანონმდებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და „მტრული, ანტიევროპული რიტორიკა“. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც „მნიშვნელოვნად უხვევს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული კურსიდან“.

დოკუმენტი აღწერს დემოკრატიის ხარისხის „სერიოზულ გაუარესებას“ – ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლას, არასამთავრობო სექტორის ჩართულობის ფაქტობრივ გაუქმებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდას. ევროკომისია მოითხოვს რეპრესიული კანონების, მათ შორის „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონისა და სხვა შესაბამისი აქტების გაუქმებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემაში „სერიოზულად შეიზღუდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა“, შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა და გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის ფუნქციებიც პროკურატურას გადაეცა. ასევე, უკუსვლადაა შეფასებული კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებები.

ეკონომიკურ ნაწილში ევროკომისია აცხადებს, რომ მიუხედავად კარგი ეკონომიკური ზრდისა, „პოლიტიკური არასტაბილურობა და გაურკვევლობა უარყოფით გავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე“. კომისიის თანახმად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კვლავ სახელისუფლებო ჩარევის რისკის ქვეშაა, ხოლო შრომის ბაზარზე სტრუქტურული პრობლემები რჩება.

ევროკომისია ასკვნის, რომ საქართველომ ვერ შეასრულა 2023 წელს განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტი, რომლებიც აუცილებელი იყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის. „მნიშვნელოვანი უკუსვლის ფონზე, ევროკომისია არ არის პოზიციაში, განიხილოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, „შეაბრუნოს კურსი“ და დაიწყოს რეალური რეფორმები დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში.

ევროკომისია ასკვნის:

"2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. მას შემდეგ ვითარება საგრძნობლად დამძიმდა - შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ამცირებს სამოქალაქო სივრცეს, ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და არღვევს დისკრიმინაციის არქონის პრინციპს. ქართულმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა და გადადგას კონკრეტული და ყოვლისმომცველი ნაბიჯები არსებულ გამოწვევებთან და ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით, ფართო პოლიტიკური თანამშრომლობისა და სამოქალაქო ჩართულობის საფუძველზე — ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში. 2024 წლის დეკემბერში მიღებული ევროპის საბჭოს დასკვნებისა და საქართველოს მდგომარეობის შემდგომი გაუარესების ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელწოდებით. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მკაფიო პოლიტიკური ნება, რათა შეაბრუნოს პროცესი და დაბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნულია დოკუმენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზში.