26 ოქტომბერს ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალ პარლამენტს. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, გაისვარა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები იქნა დაფიქსირებული, როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან იქნება მკაცრი პირობების ქვეშ.

"26 ოქტომბერს ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალ პარლამენტს. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, გაისვარა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები იქნა დაფიქსირებული, როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე. მე მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ამ პარლამენტისადმი, იმ ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ სადამკვირვებლო მისიაში. ამ დელეგაციამ წარმოადგინა კრიტიკული დასკვნა იმ კლიმატზე, რომლითაც გაისვარა საარჩევნო პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი. ადგილი ჰქონდა არათანაბარ სათამაშო მოედანს, ინსტრუმენტალიზაციას ომის შიშისა და მთავრობა საკუთარ თავს წარმოადგენდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ქვეყანა მიიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუმცა თან ახშობს საწინააღმდეგო აზრს. არჩევნების შემდეგ რამდენიმე ათასი ქართველი გამოვიდა მშვიდობიან დემონსტრაციაზე და გამოხატა უკმაყოფილება შედეგების გამო, ბევრი აფრიალებდა ევროპის დროშას და როცა ჩვენ ვხედავთ ამ დროშას, ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება.

მე მინდა ხაზი გავუსვა სამ საკვანძო პუნქტს ევროპის პასუხთან დაკავშირებით - უპირველესყოვლისა, ივნისის შემდეგ ევროკავშირმა უპასუხა მკაცრად საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ შევაჩერეთ დახმარება საქართველოსთვის და პირდაპირი დახმარება მთავრობისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერდა. ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის მოქმედების კურსს. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ დახმარებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი და მედიისადმი. მეორე - არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოაგვაროს სერიოზული დარღვევების საკითხი. ბორელმა უკვე შეიტანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგ ორშაბათს გასამართ საბჭოზე. მესამე - ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან იქნება მკაცრი პირობების ქვეშ და დამოკიდებული იქნება გაფართოების მოხსენებაზე, მათ შორის, 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ის, კანონები, რაც მიიღეს მათ უნდა იქნეს გაუქმებული, უნდა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები, რომლის შემდეგაც იქნება შესაძლებელი საქართველოსთვის, რომ პროგრესირება განიცადოს გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა მარგარიტის სხინასიმ.