ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს.

"პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არსებობს გაყალბების სერიოზული ეჭვები და ეს საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას. ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მქონდა შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისთვის მოსაზრებები გამეზიარებინა", - განაცხადა მიშელმა.

"მთავარი არხის" კითხვას, მოსალოდნელია თუ არა სანქციები და უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს დღის წესრიგში, მიშელმა განაცხადა: "ჩვენ ევროპულ საბჭოში შევაფასებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები მკაფიო სიგნალს გააგზავნიან".