საქართველოში მეტი პოლიტიკური პატიმარია ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ვლადიმერ პუტინს ჰყავს რუსეთში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს სტილის მმართველობა დაამყაროს საქართველოში.

"საქართველოში მეტი პოლიტიკური პატიმარია ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ვლადიმერ პუტინს ჰყავს რუსეთში, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია. განსხვავებული რაც არის ივანიშვილის საქართველოსა და ლუკაშენკოს ბელარუსს შორის არის ის, რომ საქართველოს ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობები დაფუძნებული ჰქონდა ღირებულებებზე და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც წლების წინ "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში მოეწერა ხელი, რომელიც დაფუძნებულია გარდა ეკონომიკური, კულტურული და სხვა საკითხებისა, დემოკრატიულ და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომელიც აღარ არსებობს საქართველოში და დღეს ივანიშვილს ჰგონია, რომ იხელმძღვანელებს ლუკაშენკოს ანალოგით, ამ მოდელით, რომ ადამიანებს აქცევს სავაჭრო მონეტებად, მაგრამ ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ივანიშვილს და ეს ამერიკელებმაც გადასარევად იციან, რომ ეს ვერ და არ მოხდება, რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს ეყოლება დემოკრატიული და ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს, პროამერიკელ ქართველ ხალხს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.