მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც წმინდა სინოდს ჯერ კიდევ წინ აქვს მისაღები, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება უკვე ითქვას, რომ გარე ჩარევის მცდელობებია.

"ჩვენ დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ გარე ჩარევის მცდელობებია. ვხედავთ, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები – „რადიო თავისუფლება“ და „ტაბულა“ სინოდის საქმიანობაში პირდაპირ ერევიან. მათ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. "რადიო თავისუფლებას“, „ტაბულას“, „პუბლიკას“ და „ნეტგაზეთს“ პირდაპირი საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც 2024 წელს ვხედავდით, როცა ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს არჩევნებში ერეოდნენ, როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა. დღეს ვხედავთ, მათ შორის, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. ამას ვაკვირდებით. აქედანვე იცოდეს ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ვაკვირდებით და ყველაფერზე რეაგირება გვექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.