მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არაერთმა დეპუტატმა ისაუბრა სანქციების საჭიროებაზე და ნიშანდობლივია ის, რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, მათ შორის ბრიტანელმა დეპუტატებმა პირდაპირ მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, რომ გაგრძელდეს სასანქციო პოლიტიკა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუებული არიან ევროდეპუტატები.

"მართლაც უმწვავესი დებატი გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, იმ დარბაზში, საიდანაც, სამწუხაროდ, გაძევებულია "რუსული ოცნების" დელეგაცია, შესაბამისად, საქართველოს არ ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა სწორედ იმ ავტოკრატიული პოლიტიკისა და ნაბიჯების გამო, რასაც ივანიშვილი აკეთებს ჩვენს ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ დარბაზში, სადაც გაიჟღერა ისტორიულმა სიტყვებმა 1999 წელს ზურაბ ჟვანიას მხრიდან და იმის ნაცვლად, რომ დღეს საუბრობდნენ, როგორც შემდგარ, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, დღეს გერმანელმა, ძალიან გავლენიანმა დეპუტატმა თქვა, რომ საქართველო დღეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ეს არის ყველაზე მძიმე სიტყვები, რაც ჩვენ გავიგეთ ამ დარბაზში, ამ იმედგაცრუების საფუძველი კი არის ის ფაქტი, რომ ივანიშვილი, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევდეს ისტორიული არჩევანის რეალიზებისთვის, გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ვიყოთ ყველა მნიშვნელოვანი რეგიონული სტრატეგიის ნაწილი, დღეს ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის რუსეთი, ბელორუსი. 

აქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ დაასახელეს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, უკიდურესი შეშფოთება გამოითქვა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებითაც.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არაერთმა დეპუტატმა ისაუბრა სანქციების საჭიროებაზე და ნიშანდობლივია ის, რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, მათ შორის ბრიტანელმა დეპუტატებმა პირდაპირ მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, რომ გაგრძელდეს სასანქციო პოლიტიკა და ის ინდივიდუალური, მიზნობრივი სანქციები, რომელიც "იმედსა" და "პოს ტვ"-ზე გავრცელდა. დღევანდელი რეზოლუცია ყველა მხრივ მნიშვნელოვანია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.