"ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

თინა ბოკუჩავამ ასამბლეის წევრებს მოუწოდებს, ყველა შეუერთდეს საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას არჩევნებზე, რათა შენარჩუნდეს  საქართველოს ევროატლანტიკური გზა.

"ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სხვა ისეთი ავტორიტარების სამარცხვინო მცდელობები, რომ ომის შიშის დანერგვით შეინარჩუნონ ძალაუფლება, როგორიც საქართველოს მმართველი ბიძინა ივანიშვილია. გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, ივანიშვილის კრემლიდან შთაგონებული პროპაგანდა რუსეთის უძლეველობის მითებს და ცინიზმს ეფუძნება, რომ დასავლეთის მშვიდობისმოყვარე ერები კონფლიქტების გაჩაღებას ცდილობენ.

რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ შიშის სასოწარკვეთილ ტაქტიკას ეყრდნობა, მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყველაზე პროდასავლელი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ამ ისტორიულ არჩევნებზე, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ევროატლანტიკური გზა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.