დღეს საქართველოს შესაძლოა, უკვე აღარ ჰქონოდა უვიზო მიმოსვლა, რომ არა პროევროპელობა ქართველი ხალხის და  პროდასავლური ოპოზიციის ბრძოლა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ეს მათ შორის ბრძოლის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

"დღეს საქართველოს, შესაძლოა, უკვე აღარ ჰქონოდა უვიზო მიმოსვლა, რომ არა პროევროპელობა ქართველი ხალხის და პროდასავლური ოპოზიციის ბრძოლა ევროპული დღის წესრიგისთვის. 

აბსოლუტურად კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს და ეს რეზოლუციაშიცაა, რომ საქართველოს ჰყავს პროდასავლური უმრავლესობა, პროდასავლური პარტიები და რუსული ხელისუფლება.

თუ ბრძოლა გაჩერდება, ან რეჟიმი გაფორმდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება, დღითი დღე საფრთხე შეექმნება ჩვენს უვიზო მიმოსვლას. ევროპული სახელმწიფოები გეუბნებიან, რომ შენთვის ჩემი სივრცე ღიაა და შენ ამ დროს იმ სივრცეს აგინებ, ეჩხუბები - რა თქმა უნდა, ამ ტიპის ქვეყანა არ იმსახურებს ამას. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ რუსული ოცნების გამო, ხალხი არ დაისაჯოს.

იმ ტიპის პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" გვახვევს თავს, გულისხმობს განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანის და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის ციხეში გაშვებას, ტელევიზიების დახურვას. ჩვენ მივედით ფეისბუკპოსტების გამო ადამიანების დასჯასთან. რეჟიმის ლოგიკა, რა თქმა უნდა, ამას ითხოვს, მაგრამ როგორი იქნება პოლიტიკური პატიმრების მასშტაბი, მონა მოსამართლეების თავხედობა, როდის და ვის რამდენი ხნით დაიჭერენ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტური ვიქნებით ჩვენ მათ შორის ბრძოლაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.