ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე პარტიებისა და ცალკეული ადამიანების ბედი. უნდა შევხედოთ, თუ რა ხდება რეგიონში. რუსეთი აწარმოებს რეგიონულ დაპყრობით ომს. ივანიშვილმა მას შესთავაზა პეტენის რეჟიმის როლის განმეორება საქართველოში. რა არის პეტენის რეჟიმი?

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მარშალი პეტენი შეთანხმდა ჰიტლერთან, რომ საფრანგეთი არ შეუერთდებოდა ანტიგერმანულ კოალიციას. ქვეყნის შიგნით მოკლავდა ან დაიჭერდა ჰიტლერის მტრებს, დაამყარებდა მთელ ეკონომიკას გერმანიასთან ურთიერთობებზე, და სხვა შიდა მმართველობის საკითხებში პეტენს არავინ შეეხებოდა. მას ექნებოდა ავტონომია, და საფრანგეთის ძირითადი ნაწილი არ იქნებოდა გერმანიის პირდაპირი ოკუპაციის ქვეშ. ეს პეტენმა გაასაღა მშვიდობად და ომის თავიდან აცილებად. აბა, დაუფიქრდით - რამე ხომ არ გეცნობათ?

ის, რაც ქართველებს მშვიდობა ჰგონიათ ქოცების სახით, არის მწარე ილუზია.

ზუსტად ასეთი შეთანხმება ჰქონდა ჰიტლერს უნგრეთთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან. ერთი ერთზე იგივე ხდება რუსეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ როცა ომში გერმანიას გაუჭირდა, მან გვერდზე გასწია თავისი მოკავშირე მარიონეტული რეჟიმები და მოახდინა ამ ყველა ქვეყნის მთლიანი და ძალიან სისხლიანი ოკუპაცია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა გერმანიის სრულ ჩამოშლამდე.

ახლა რუსეთს ძალიან გაუჭირდა უკრაინასთან. პუტინი გრძნობს გარდაუვალი კრახის მოახლოებას და დაიწყო ფიქრი კუდის მოქნევაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ახლა რუსული მოძრაობები ცხინვალის რეგიონში. ეს არის ივანიშვილის შანტაჟი, რომ აღიაროს ოკუპირებული მიწების დამოუკიდებლობა.

ივანიშვილი, თავის მხრივ, იმიტირებს დასავლეთთან დაახლოების სურვილს, მაგრამ დასავლეთი - არც ამერიკა და არც ევროპა - დღევანდელი ფორმით რეჟიმს არ მიიღებს და არ გადაეფარება.

აი, პუტინისთვის კი საქართველოს სრული ფიზიკური გაკონტროლება ძალიან ადვილი საქმეა. ივანიშვილმა საკუთარი სიხარბით და არაშორსმჭვრეტელობით მას უკვე მოუმზადა საფუძველი. ეკონომიკა, მათ შორის ტურიზმი, მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე, რაც ივანიშვილს აწყობს პირადი გამდიდრებისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის.

საკმარისია რუსეთმა გამოაცხადოს ემბარგო, შეაჩეროს ტურისტული ნაკადი, ცხინვალიდან ორმა სამხედრო მანქანამ ჩაკეტოს მთავარი მაგისტრალი და ერთი რაკეტა მოარტყან ლუგარის ლაბორატორიას, ივანიშვილი გაქუსლავს, თბილისში პირდაპირ რუსი დაჯდება და სისხლის გუბეებს დააყენებს, გვაგრძნობინებენ რუსული ჩექმის მთელ სიმყრალეს და სისასტიკეს.

ახლა სწრაფი სვლით მივდივართ ამ რეალობის დადგომისკენ და პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს. ამიტომ, ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!

ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. მე მინდა, რომ ჩემს ხუთი თვის შვილიშვილს, ილიკო სააკაშვილს, ჰქონდეს სამშობლო და იამაყოს თავისი წარმოშობით. ახლა საკითხი ასე დგას: ან გამარჯვება, ან სიკვდილი. უნდა ყველაფერი ვიღონოთ, რათა ეს იყოს მტრის სიკვდილი და ჩვენი გამარჯვება", - წერს სააკაშვილი.