უკიდურესად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია შექმნილი ქვეყანაში, რომელზეც პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ადამიანების ბედით მანიპულირება.

"ეს არის მორიგი თაღლითობა, რომლის შესახებაც ჩვენ იმ წამიდან ვსაუბრობთ, რაც ამ რაღაც ე.წ. კომისიის შექმნა გამოაცხადეს და ამას დამატებულია ის უპრეცედენტო სიგიჟე, რაც გააკეთეს - სუსს რომ დაავალეს ფასების რეგულირებაში, რაც, რა თქმა უნდა, არის პოპულიზმი, ადამიანების უბედურებით ჟონგლიორობა. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, უფრო ღარიბდება "ქართული ოცნების" არალეგიტიმური რეჟიმის პირობებში.

ეს არის ყველაზე კორუმპირებული რეჟიმი საქართველოს ისტორიაში. ივანიშვილი არის ყველაზე უფრო მტაცებელი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს ოდესმე ჰყოლია და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქართველი ხალხი ღარიბდება. უკიდურესად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია შექმნილი ქვეყანაში, რომელზეც პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, ის აღარიბებს საქართველოს და ქართველ ხალხს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი 5-6 თეთრით.