„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან და მათგან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

"უსამშობლო აგენტურის წევრები როგორც მოქმედებენ ან რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს მათი დაგეგმილი არაა. ცხადია, ისინი გარედან, მათი პატრონების მითითებს ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო. აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს დავალება აქვთ ახლაც მიცემული და აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორებიც იყვნენ და ახლა როგორებიც  არიან, აქვთ მცდელობა, რომ იგივე სხვას დააბრალონ. თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

მართალია, ისინი გარე ძალებისგან იმართებიან და ყველა მათი ქმედება თავიანთი პატრონებისგან დავალებული აქვთ, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს, ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომაც არიან ეს ოპოზიციურად განწყობილი, უსამშობლო ადამიანები ამ მდგომარეობაში - მათ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ აქვთ, განულებული და გაუბედურებულები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.