"ნაცმოძრაობა" არ არის ბიზნესპროექტი, როგორც სხვა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა. მას არ ჰყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან. ეს ყოველთვის იყო ცოცხალი პარტია შიდა დისკუსიებით და შეჯიბრით, რაც ცოცხალ პარტიაში ნორმალურია, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

"მელიას წინააღმდეგ 2023-ში პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ მე შევხვდი უარყოფითად. თუმცა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, შესაძლებელი იყო პარტიის სხვა წევრების მიმართ ბევრად უფრო დელიკატურად მოქცევა. მაგალითად, ძალიან მენანება გიორგი პატარაიას, რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციის ბირთვის ცალკე გასვლა.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი“ ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს.

ახლა კი, ყველაფერი ძალიან მარტივია. "ნაცმოძრაობაში" ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო.

ენმ არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა. მე კი ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას.

ჩემზე უკეთესად არცერთ ცოცხალ ქართველს არ გამოსდის ევროპელებთან და ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ 2003-ში სულ ველში ვიყავი და როგორც წესი, უარს ვამბობდი მრავალრიცხოვან უცხოელ მისიებთან შეხვედრაზე. ჩვენი პარტია მუდმივად უნდა იყოს იქ, სადაც უსამართლობაა, სადაც ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა თუნდაც თქვენს სტუდიაში.

ნანუკა არის ნამდვილი სახალხო ლიდერი. ამ დღეებში ბევრმა დაწერა - კი, მაგრამ პოლიტიკოსი არ არისო და პური მეპურემ (პოლიტიკოსმა) უნდა გამოაცხოსო. კი მაგრამ, მოგწონთ არსებული „მეპურე“ პოლიტიკოსების გამომცხვარი პურის გემო? და კიდევ ვიკითხო - უყვარს ხალხი ნანუკას? ხალხს უყვარს ნანუკა? - ყველამ ვიცით, რომ კი! ეხმარება ის ხალხს? - ამის ბევრი ფაქტი ვიცით! არის ენერგიული და შეუპოვარი? - კი ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ხოდა, აბა თქვენ ნამდვილი პოლიტიკოსი სხვა რა გგონიათ?", - აცხადებს სააკაშვილი.