ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი, როგორ აპატიმრებენ პროევროპული პარტიების ლიდერებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას სურს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მედიაგარემო, რომელიც საქართველოში ყვაოდა, ერთი მეორეს მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით, ფინანსური ან სხვა შეზღუდვების გამო. და დღეს საქართველო ამ გზაგასაყარზე იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში "რუმინეთის ხსნის კავშირის” ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს მე თქვენთან ერთად ვარ, რათა დავადასტურო ერთი უმთავრესი ჭეშმარიტება, რომ  დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპისათვის ბრძოლა არ არის მხოლოდ ღირებულებებისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იდენტობის, სუვერენიტეტისა და  დამოუკიდებლობისთვის. ეს არის იმის განსაზღვრა, თუ ვინ ვართ, რისი გვწამს და რა მომავლის აშენებას ვაპირებთ.

და კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ის, რაც თქვენც გაიხსენეთ დღეს: დემოკრატია არასდროს არის გარანტირებული. ის უნდა მოიპოვო ყოველდღიურად, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს. როცა პირველად ამირჩიეს საქართველოს ქალ პრეზიდენტად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიხილავდი დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხეში აღმოჩნდებოდა, კითხვის ქვეშ დადგებოდა და თანდათან გაქრებოდა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი, როგორ აპატიმრებენ პროევროპული პარტიების ლიდერებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას სურს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მედიაგარემო, რომელიც საქართველოში ყვაოდა, ერთი მეორეს მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით, ფინანსური ან სხვა შეზღუდვების გამო. და დღეს საქართველო ამ გზაგასაყარზე იმყოფება.

ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მოსული, (ამას მოგვიანებით დავბრუნდები) გადაწყვიტა, დაარღვიოს არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ ხალხის ნება, რომელიც არაერთხელ გამოხატეს: აირჩიოს მკვეთრი გზა შორს ევროპისა და შორს დემოკრატიისგან. და როდესაც საქართველო ზურგს აქცევს ევროპას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დარჩენილია მხოლოდ ერთი - ირჩევ რუსეთს.

რუმინეთსა და საქართველოს განსხვავებული გზები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ საერთო ბრძოლაც გვქონია. თქვენ, როგორც ევროკავშირის ძველი წევრი და საქართველო,  როგორც ჯერ კიდევ იმედიანი კანდიდატი ქვეყანა, განსხვავებულ ეტაპებზე ვართ. თუმცა, ორივე ქვეყანა ერთი და იგივე ზეწოლას განიცდის: უცხოურ ჩარევასა და პოლარიზაციას, რომელიც ასევე უცხოელთა ხელშეწყობით ძლიერდება და საფრთხეებია ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. სულ ცოტა ხნის წინ რუმინეთმაც გაიარა სერიოზული გამოწვევები: დეზინფორმაცია, პოლარიზაცია, არჩევნებში ჩარევა, მაგრამ თქვენი ისტორია აქ არ დასრულებულა.

თქვენ არ დანებდით, პროევროპული ძალები მტკიცედ იდექით და დღეს ზეიმობთ. ამით რუმინეთი გაძლიერდა, მეტი ერთიანობა მოიპოვა, გააზრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფუძნა და კიდევ უფრო მტკიცედ დაუდგა მხარში იმ ღირებულებებს, რაც არამხოლოდ რუმინელებად, არამედ ევროპელებადაც გაქცევთ. ეს არ არის მხოლოდ შთამაგონებელი ისტორია, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატია დასაცავია, რომ ბრძოლა ღირს!

ეს არის გზავნილი, რომელიც უნდა გავუზიაროთ მათაც, ვინც, როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ იბრძვის ევროპული ოჯახის წევრობისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

გადავხედოთ ახლა საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც ევროპული გული აქვს. წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად ცდილობდა ევროპაში ინტეგრაციას, ატარებდა მნიშვნელოვან რეფორმებს, მოიპოვა მხარდაჭერა და მიუხედავად ბოლო ანტიევროპული პროპაგანდისა, ქართველთა დაახლოებით 80% მაინც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მათთვის დემოკრატია და მშვიდობა არაა აბსტრაქტული იდეალები, არამედ რეალური ყოველდღიური არჩევანია. თუმცა დღეს, ამ დიდი უმრავლესობის ნება უგულებელყოფილია. მმართველი ძალა ზურგს აქცევს ევროპას, ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონებს, კრემლის სტილის წესებს, კრემლში დაწერილ კანონებს, ავიწროებს განსხვავებულ აზრს.

200-ზე მეტი დღეა, რაც ქუჩაში პროტესტია. დამოუკიდებელი მედიები იბრძვიან არსებობისთვის, ოპოზიციური ლიდერები ციხეში სხედან, 60-მდე აქტივისტი ელოდება განაჩენს. საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს 9 თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს.

ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკვე სამი წელია  გმირულად უმკლავდებიან,  საკუთარი თავის და ჩვენს დასაცავად, ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე!

ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს, დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო, ვეღარც შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს ეს უსისხლოდ გააკეთოს, ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა: პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით — ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია - ეს ფაქტია!

ეს ჩანს ყალბ ნარატივებში, ამაღლებულ ყალბ ნაციონალიზმში, იარაღადქცეულ სოციალურ მედიაში, დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი რწმენის რღვევაში. რუსეთი ცდილობს, შეავსოს ის სიცარიელე, რაც დაკარგა, რადგან ევროპაში ვეღარ წარმოადგენს სამხედრო ზესახელმწიფოს. და მისი გზავნილიც ესაა: რომ დემოკრატია სუსტია, რომ ევროპა კარგავს პოზიციას და რომ ავტორიტარიზმი სთავაზობს წესრიგს და მშვიდობას, რომელიც არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისგან: წესრიგი და მშვიდობა.

რუსეთის სტრატეგია მომაკვდინებელია: ძირის გამოთხრა დემოკრატიის ავტორიტეტისგან, ევროკავშირის წარმოჩენა როგორც არაეფექტური და დეგრადირებული სტრუქტურისა და საკუთარი პოზიციონირება როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველისა, მაშინ როცა ის აწარმოებს ომს უკრაინაში, იკავებს და დესტაბილიზაციას იწვევა მეზობლებში.

დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა,  ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა, და ეს ყოველთვის დროებითია.

ამ ბნელ დღეებში, სადაც ახლა ვართ, რუმინეთი გზა გვინათებს. თქვენ აირჩიეთ გამჭვირვალობა მანიპულაციის ნაცვლად. მოქალაქეობრივი ჩართულობა - ტყვეობის ნაცვლად. თავისუფლება და ევროპა - ზეწოლის ნაცვლად. თქვენი გზა მარტივი არ ყოფილა და ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ მიმართულება გარკვეულია და ახლა ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა ამ გზაზე დაეხმაროთ სხვებსაც და ჩვენც გვჭირდებით! ჩვენ თქვენ გენდობით, რადგან ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ, ჩვენ შავი ზღვის მეზობლები ვართ, გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესი.

შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.

საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი, ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამიტომ, ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში, გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნეს აღქმული. რადგან ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, რაც დღეს ხდება, არჩევნების მანიპულაცია, მარიონეტული მთავრობები და რუსეთისგან ინსპირირებული ზომები, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფოს საფრთხე გახდეს.

თუკი 2008 წელს სამხედრო ინტერვენცია პირველად საქართველოზე გამოიცადა და შემდეგ კი უკრაინაზე, კრემლი მიხვდა, რომ ახალ სტრატეგიას საზღვრები არ სჭირდება. ის ყველგან შეიძლება გავრცელდეს.

ვფიქრობდით, რომ კარგად ვიყავით მომზადებული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, 70- წლიანი გამოცდილება გაგვაჩნდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არა! ვერ მოვემზადეთ დღევანდელი ტიპის პროპაგანდისთვის და მისი თანამედროვე ტექნიკებისთვის. ეს ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ესმის.

ისინი ფიქრობენ, რომ შიდა პრობლემებს ებრძვიან, შიდა ოპოზიციას, მაშინ როცა რეალურად მათ წინააღმდეგ მოქმედებს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც უფრო ძლიერია იმ იარაღებით, როგორიცაა პროპაგანდა, სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი და კიბერშეტევები, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით. ეს არის ახალი ომი, რომელიც ევროპამ უნდა გაიაროს და მოიგოს!

თქვენ მოიგეთ პირველი ბრძოლა. ახლა უნდა მოვიგოთ მოლდოვის ბრძოლა, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. უნდა მოვიგოთ უკრაინაში, თუ ზავის შემდეგ ახალი არჩევნები დაინიშნება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ყველა ევროპულ ქვეყანაში პროპაგანდის დამარცხებით მოხდება და ამისთვის უნდა შევიმუშაოთ პრევენციული სტრატეგიები: როგორ ავიცილოთ არჩევნების მანიპულაცია და როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს. ძველი მეთოდები აღარ მუშაობს, უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ თავი არჩევნების შემდეგ.

ჩვენს შემთხვევაში, ევროკავშირის პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო, დაეცვა ჩემი ქვეყანა, რადგან ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს დავეყრდენით, ის უკვე დამორჩილებული იყო, ვერც დიდი და მოტივირებული დიასპორა დაგვეხმარა, რადგან მოლდოვისა და რუმინეთისგან განსხვავებით, მას არ  ჰქონდა ხმის მიცემის უფლება.

ეს საერთო ბრძოლაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას.. და ერთად მოვიგოთ ომი!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.