ევროპარლამენტარ მიხაუ ვავრიკევიჩის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კავშირშია რუსეთში ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც კვლავ ცდილობს ამ ქვეყნის სრულად კონტროლს.

მისი თქმით, მხარს უჭერენ ოპოზიციის განცხადებას თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ და სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ სწრაფვაში, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სამყაროში გაწევრიანების მისწრაფებაში. კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოიპარეს, რომ არჩევნები ჩატარდა რუსეთის გავლენის ქვეშ. აქ, საქართველოში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას და ოპოზიციის განცხადებას, რომ მომავალში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ არა მხოლოდ ევროპარლამენტის ხედვა და რეზოლუცია, არამედ გამოვხატოთ ჩვენი პირადი შეხედულებებიც. ჩვენ ვართ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც კარგად ესმით რუსეთის გავლენა და ის მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ. ამიტომაც ვართ აქ, რათა მხარი დაუჭიროთ მთელ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ვავრიკევიჩმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებოდა თუ არა შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ვავრიკევიჩმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს.

„ჯერჯერობით არ ვიცით, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს ეხება ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებას, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რადგან სრულად ვუჭერთ მხარს ამერიკის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვესმის ეს ძალიან მკაფიო სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს. ბიძინა ივანიშვილი კავშირშია რუსეთში ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც კვლავ ცდილობს ამ ქვეყნის სრულად კონტროლს“, – განაცხადა ვავრიკევიჩმა.