მოვუწოდებთ დემოკრატიულ ყველა სახელმწიფოს, გასცენ დაპატიმრების სანქციები საქართველოს ტირან დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"2026 წელი ჩვენთვის დაიწყო ძალიან კარგი ამბებით - საკუთარ რეზიდენციაში აშშ-ის სპეცრაზმმა დააპატიმრა ვენესუელას დიქტატორი, რომელიც ყველაფერთან ერთად აღიარებდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და შესაბამისად, ითვლებოდა საქართველოს დაუძინებელ მტრად, მაგრამ ვენესუელას პრეზიდენტი საქართველოს ტირან დიქტატორ ივანიშვილთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია. რაც ამ არსებამ საქართველოს დაუშავა, ათასი მადურო ვერ გააკეთებდა - მოსპო დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, წაგვართვა თავისუფლება, სახელმწიფო აჩუქა ჩვენს მტერს, ოკუპანტს, ნახევარზე დაბლა დაიყვანა ქართველები და დაიწყო მასობრივი არაბიზაცია, საქართველო გადააქცია "შავი ფულის" გასათეთრებელ სივრცედ და რაც საშინელებაა, მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღიც.

ვინაიდან, საქართველოში გაუქმებულია მართლმსაჯულება, ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიულ ყველა სახელმწიფოს, გასცენ დაპატიმრების სანქციები საქართველოს ტირან დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე, ვთხოვთ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ევროკავშირის ხელმძღვანელებს, საერთაშორისო სპეციალურ ოპერაციას, რომ ივანიშვილი იქნეს დაკავებული და წარდგენილი საერთაშორისო ტრიბუნალზე, რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.