თუ ჩვენმა პარტნიორებმა არ დაინახეს, ბრძოლა აქ და ჩვენი გაერთიანება, რა თქმა უნდა, ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად, ვერავინ გააკეთებს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საპროტესტო მუხტის გაგრძელება.

"პროდასავლელ პოლიტიკოსებს ძალიან კარგად გვესმის, რომ რეგიონულ კონტექსტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, მაგრამ თუ ჩვენმა პარტნიორებმა არ დაინახეს, ბრძოლა აქ, არ დაინახეს ჩვენი თავგანწირვა და ის, რომ ჩვენ რაღაცების გვერდზე გადადება, გაერთიანება და მოქმედება შეგვიძლია და ამისთვის მზად ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჯერ კიდევ წლების წინ ამერიკელი ერთ-ერთი დიპლომატი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, თქვა, რომ ქართველების ნაცვლად ვერაფერს გააკეთებს და ვერაფერს მოინდომებს აშშ. ეს კი ნამდვილად ასეა, ამერიკელები მუდმივად გულშემატკივრობენ ქართველებს, ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარს უჭერენ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედება, ჩვენი გეგმა და მონდომება, რომელიც უნდა დაინახოს, როგორც ქართველმა ხალხმა, ისე ამერიკელმა და ევროპელმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა.

ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა. საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციურ სპექტრთან მიმართებით ისეთი ერთობის შექმნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს დაამხობს, ამიტომ, დროა ბრძოლის და მობილიზების", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.