ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. საქართველოში დიდი ხანია, გაუქმებულია სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გადაწყვეტილია უკვე პარტიების აკრძალვა და პროცესები მხოლოდ სანახაობაა.

"ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. საქართველოში დიდი ხანია, გაუქმებულია სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ვხედავთ, რომ დაჩქარებული წესით მიმდინარეობს დავალების შესრულება. აბსურდის მოწმე ვართ ყოველდღიურად. ორი დღეა, პარტიები ითხოვენ, გაიმიჯნოს სარჩელი, თუ რომელი მოთხოვნა რომელ პარტიას მიემართება, რაც ძალიან ბუნებრივია. ჩვენ ვხედავთ საბჭოთა ბოლშევიკურ მიდგომას, ბითუმად აუქმებენ პარტიებს, რომლებმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, მაშინ, როცა ამ პარტიებს შეიძლება რაღაც საერთო აქვთ, მაგრამ არსებითად მათ ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ. ვიღაცას დაეზარა, ეტყობა და ყველა სარჩელი ერთად შეყარა.

მოსამართლე მეთოფიშვილს წამოსცდა ძალიან უცნაური რამ პროცესის ბოლომდე, როდესაც მან თქვა, რომ სარჩელში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი, თუ რომელ პარტიას რა მოთხოვნა მიემართებაო. ეს ნიშნავს, რომ, მინიმუმ, ამ მოსამართლეს ეს სარჩელი წაკითხული არ აქვს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.