25 ნოემბერს, 14:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მაღაროელები, რომლებიც უკვე 270 დღეა, უწყვეტ პროტესტს მართავენ, აცხადებენ, რომ ჭიათურაში განუკითხაობა.

მათი თქმით, ცრუ დაპირებებით აიძულებდნენ, საპროტესტო გამოსვლები შეეწყვიტათ და მიმდინარე წლის აპრილში დაკავებულ 4 მაღაროელს გაათავისუფლებდნენ, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, "ქართულმა ოცნებამ" ისინი მოატყუა და პროტესტი კვლავ გააქტიურდება.

"ვერ გრძნობენ ადამიანები თავს დაცულად საკუთარ ოჯახებში, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში. ითხოვენ შველას და შველა არ ჩანს არსად, რადგან მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. სრული განუკითხაობაა, ვისაც გავლენა აქვს ჭიათურაში აკეთებს ფულს, მშრომელი ადამიანების და აქ მცხოვრები ადამიანების ხარჯზე.

გვპირდებოდნენ, რომ პრემიერის სიტყვებით მოვდივართ, თუ შეწყვეტთ პროტესტს და შიმშილობას, ბიჭებს ორ თვეში გამოუშვებდნენ, ეს იყო ივნისში", - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.