სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი დილიდან მუდმივ კომუნიკაციაშია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და აკონტროლებს სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

„მერის დავალებით, სოფელ ხიდარში გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს პეტრე შარიქაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია.

ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა სრულ მობილიზებაში რჩება. სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც სტიქიის შედეგად გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.