უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.

დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები, ხიდების ნაწილი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მერიაში შესულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.  წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ადგილებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები.