გიორგი ახობაძის საქმეზე დღეს, 16:00 საათზე გამოცხადდება განაჩენი, ფაქტობრივად, არცერთი პროცედურა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ მოსამართლე გამოვიდეს და უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გააცნოს საზოგადოებას, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 თვის განმავლობაში დაცვის მხარემ გიორგი ახობაძის დასაცავად ყველაფერი წარმოუდგინა სასამართლოს.

"გიორგი ახობაძის საქმეზე დღეს, 16:00 საათზე  გამოცხადდება განაჩენი, ფაქტობრივად, არცერთი პროცედურა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ მოსამართლე გამოვიდეს და უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გააცნოს საზოგადოებას.

რაც შეეხება მოლოდინებს, 8 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, დაცვის მხარემ, გიორგისთან ერთად გავაკეთეთ ფაქტობრივად ყველაფერი, რათა მოსამართლე და სასამართლო დაგვერწმუნებინა იმაში, რომ გიორგი არის უდანაშაულო", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული. გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.