"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

წინა სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ თვლის, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა.