შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.