რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო.

მოქალაქეების ცნობით, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა.

ინფორმაცია Info Rustavi-მა მოქალაქეებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მოგვიანებით მომხდარს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახური გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.

"რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება", - აღნიშნულია განცხადებაში.