ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 ადამიანი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა.

როგორც შევქეთ დვალიძე “ბათუმელებს“ უყვება, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს.

დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა.

მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

შევქეთ დვალიძე, რომელსაც ათზე მეტი პირი მამის სახლის ეზოში დაესხა თავს, ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

„საჩივარი გამოვიტანე. ახალციხის პოლიციამ ძალიან აქტიურად იმუშავა! მადლობა მათ. მათ მიბიძგეს ირიბი გზებით, რომ საჩივარი გამომეტანა. მადლიერი ვარ მათი… ასე ვთქვათ, „შენიღბულად“, ვინც მიხვდება – მიხვდება", – ამბობს შევქეთ დვალიძე.