ნიკა გვარამია არ ესწრება დღევანდელ სასამართლო სხდომას, ეს არ არის სასამართლო პროცესი,  - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის"  ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტად იცის, რაც მოხდება.

"ნიკა გვარამია არ ესწრება დღევანდელ სასამართლო სხდომას, არ მგონია, საფუძვლიანი ახსნა სჭირდებოდეს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ მოდის  ის პროცესზე. პასუხი არის ძალიან მარტივი - ეს არ არის სასამართლო პროცესი. 

რაც შეეხება იმას, თუ რას ვაპირებთ - არაფერს, ზუსტად ვიცით, რაც მოხდება. პატიმრობის მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდება ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-ლარიანი გირაოს სავარაუდოდ, პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, რადგან მან მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.