თბილისის საქალაქო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომლითაც ისინი შსს-ს მიერ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლების აკრძალვას ასაჩივრებდნენ.

მშობლების თქმით, შსს-ს და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს და გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"უკვე 19 დღეა, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ვატარებთ უწყვეტ აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ და ვითხოვთ ბავშვების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლება არ მოგვცა იმ მოტივით შეფერხდება საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის ფუნქციონირება. 

აღსანიშნავია, რომ უახლოესი შენობა აქციიდან 70 მეტრში მდებარეობს. შესაბამისად, გაუგებარია რომელ საწარმოს ან ორგანიზაციას შეიძლება შეექმნას პრობლემა. ჩვენ ეს მითითებები გავასაჩივრეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ მათი მოქმედების შეჩერება. ჩვენ მივუთითეთ, რომ უამინდობის პირობებში ღია ცის ქვეშ ადამიანების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მუდმივად ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განცხადება არ დაგვიკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ვერ დავადასტურეთ თუ რა ზიანი გვადგება კარვების არქონით.

შსს-ს და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, რომ დაგვიჭიროთ მხარი და ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე", - აღნიშნულია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაში.