ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო, უსამართლო, მას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ განაჩენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მას არ აქვს სააპელაციო სასამართლოს იმედი.

"დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, სადაც დანაშაულად დაკანონდა ბრალდებულის განცხადება, სიტყვა სასამართლო დარბაზში, ის სიტყვა, რომელიც ბაჩო ახალაიას განმარტებით, იყო მხოლოდ განცხადება და არა მოწოდება. მან არაერთხელ აღნიშნა სასამართლო პროცესზე, რომ ეს იყო მისი პოზიცია და არა მოწოდება, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ხაზი გაუსვა, რომ მან საკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება იყო საჯარო მოწოდება და ამისთვის, მას სრულიად უკანონოდ, 2.6 წელი მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო, უსამართლო, მას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ, თუმცა, სააპელაციო სასამართლოშიც არ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობს", - განაცხადა გია გოროზიამ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.