შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი.

დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.