შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.

აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.