ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ისრაელის საელჩო წერს, მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი შოთა მუსაევი.

"ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.

ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.